ამბავი პეტრე ოცხელზე..

ბევრი დაწერილა პეტრე ოცხელზე, ბიჭზე, რომელიც უსწრებდა დროს.. ბოლო პერიოდში მასზე ბევრს საუბრობდნენ თბილისში. ერთ დროს მივიწყებული, ახლა პოპულარობის ზენიტშია. იმედს ვიტოვებ, რომ მისი ნამუშევრების მიმართ სიყვარული გააზრებულია და მხოლოდ ერთი ესკიზით – “მფრინავი მღებავით’’ არ იცნობენ. ნამუშევრით, რომელიც ასეთი პოპულალური გახდა ახალგაზრდა თაობაში.

არ ვიცი, როგორ იტევდა ამდენ ნიჭიერ ადამიანს საქართველო, განსაკუთრებით კი ქუთაისი, რომელიც პეტრე ოცხელის ჩათვლით, ბევრი მოაზროვნე და ნიჭიერი ხელოვანის დაბადების ადგილად იქცა. ქუთაისი XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის პირველ ათწლეულებში ქართული შემოქმედებითი ინტელიგენციის მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. საქართველო იტევდა, მაგრამ რეჟიმი, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს, ქართველ ინტელიგენციას ერთი ხელის მოსმით ანადგურებდა.

სამწუხაროდ, არც პეტრე ოცხელი იყო გამონაკლისი. ეს ხელი მასაც მისწავდა. ვერ აიტანა ახალგაზრდა, მრავალფეროვანი, მოაზროვნე, პროგრესული მხატვარი. ის გახდა სტალინური რეპრესიების მსხვერპლი აბსურდული ბრალდებით: საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის ს.ი. ამაღლობლის დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა.

იმის მიუხედავად, რომ ოცხელმა მხოლოდ 9 წელი იმუშავა, მან მაინც შეძლო, დაეტოვებინა ნამუშევრები, რომლებმაც დროს გაუძლო. ხელმა, რომელმაც მათი ავტორი მოსპო, ვერ შეძლო გაენადგურებინა თავად ისინი.

პეტრე ოცხელი 1907 წელს დაიბადა ქუთაისში კათოლიკე ვაჭრის, გრიგოლ ოცხელის ოჯახში. დედაც კათოლიკე ჰყავდა. ბავშვობიდანვე შეჩვეული იყო თეატრს, რადგან მის ოჯახში ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა თეატრში სიარული. როგორც პეტრეს და – ნინაჩკა იხსენებდა, პეტრე თეატრში ყოვლეთვის ბლოკნოტით დადოდა და ჩანახატებს აკეთებდა. პატარაობიდანვე ხატვაზე შეყვარებულს ფანქარში მუშაობა გამორჩეულად უყვარდა. დადიოდა სკოლასთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში. 1926 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში და პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში განაგრძო სწავლა.

სანამ საზოგადოება პეტრე ოცხელს თეატრის მხატვრად გაიცნობდა, 11 წლის ასაკში მას უკვე ჰქონდა წარმატება. პირველად ბანაკში ყოფნისას დახატა აკვარელში და თავის და ნინაჩკასთან ერთად აკეთებდა პერსონაჟების მაკეტებს. მაკეტი იმდენად მოეწონათ, რომ მოსკოვშიც გაუგზავნიათ გამოფენაზე. პეტრე ოცხელი შეძლებული ოჯახიდან იყო. ბაბუამისს მოსკოვში კავკასიური მაუდის ფაბრიკა ჰქონდა. იგი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა და სტუდენტები, რომლებიც მოსკოვში სწავლობდნენ მის მიერ დანიშნულ სტიპენდიას იღებდნენ. 1917 წელს რუსეთში რევოლუციის გამო მოუწიათ საქართველოში დაბრუნება. რაც კი გააჩნდათ, ყველაფერი წაართვეს და ეკონომიკურ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ.

პეტრეს მამას უნდოდა, პეტრე არქიტექტორი გამხდარიყო, მაგრამ ხატვის სიყვარულმა უარი ათქმევინა მამის შეთავაზებულ პროფესიაზე.

პეტრე ოცხელი თეატრში

მისი ნიჭი არც კოტე მარჯანიშვილს გამოჰპარვია. პეტრე ოცხელი, ძირითადად, მცირე თეატრში მუშაობდა. მისთვის გარდამტეხი პირველი სპექტაკლი აღმოჩნდა. 1927 წელს სახალხო სახლთან არსებულ მუშათა თეატრში ოცი წლის პეტრე ოცხელი აფორმებს ა. ლუნაჩარსკის ,,ცეცხლის გამჩაღებლებს“, სადაც კოტე მარჯანიშვილმა ნახა სპექტაკლი, პეტრე ოცხელის სახით კი უსაზღვროდ ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი აღმოაჩინა და წაიყვანა ქუთაისის თეატრში. ზუსტად აქედან იწყება მათი თანამშრომლობა და მარჯანიშვილის მზრუნველი დამოკიდებულება ოცხელისადმი. პეტრე ოცხელის ჩამოყალიბებაში უთუოდ დიდი როლი ითამაშა მარჯანიშვილმა და მისმა თეატრმა.

კოტე მარჯანიშვილმა ოცხელი თეატრის მთავარ მხატვრად დანიშნა. 22 წლის პეტრეს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თეატრში გაღიზიანებსაც კი იწვევდა “ქუჩიდან მოყვანილი ბიჭი, რომელსაც სამხატვრო აკადემიაც კი არ დაუმთავრებია, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო თეატრის მთავარი მხატვარი“ , მაგრამ პეტრეს იმდენად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ყველასთან, რომ არ გაჭირვებია საერთო ენის გამონახვა გარშემომყოფებთან.

პეტრეს დისშვილი მარინა ოცხელი იხსენებს: “როცა თეატრში მივიდა, ძალიან კარგი ხასიათის ბავშვი იყო, იგი ენამახვილი, გონებამახვილი ადამიანი იყო. ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა.“

განსაკუთრებით მეგობრობდა სესილია თაყაიშვილთან, თამარ ჯავახიშვილთან, ელენე ახვლედიანთან, დავით მაჭავარიანთან. აღფრთოვანებული იყო ვერიკო ანჯაფარიძით, რომელიც არაჩვეულებრივ მსახიობად მიაჩნდა. ვერიკო ანჯაფარიძე მისი არაერთი ესკიზის შთაგონების წყარო გამხდარა.

ვერიკო ანჯაფარიძე & პეტრე ოცხელი

ელენე ახვლედიანი & პეტრე ოცხელი

ოცხელი სხვა თეატრის მხატვრებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ მხოლოდ ტანსაცმლის ესკიზების შექმნით არ კმაყოფილდებოდა. ქმნიდა სრულ სურათს სადაც მიმიკა, ხასიათი და როლი ძალიან კარგად ჩანდა. ეს იყო გამზადებული ესკიზები. როგორც კოტე მარჯანიშვილი ამბობდა “გადაღეჭილი ესკიზები მიჰქონდა მსახიობებისთვის.“

განსაკუთრებით აღსანიშნავია კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის დამოკიდებულება ისეთი განსხვავებული მოვლენებისადმი, როგორც იყო სტილი მოდერნი. თავისი პოეტიკით, ეკლექტიკითა და კონსტრუქტივიზმით.

მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ოცხელი ძალიან ახალგაზრდა იყო, ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო და ინდივიდუალურობით გამოირჩეოდა, ჰქონდა საკუთარი ხედვა და სტილი.

როგორც ჩანს, კოტე მარჯანიშვილი ძალიან კარგად იცნობდა მის სულიერ სამყაროს და შეიძლება ითქვას, რომ თაყვანს სცემდა მის არაამქვეყნიურ ნიჭს. მის ამ დამოკიდებულებას პეტრე ოცხელისადმი კარგად გამოხატავს 1933 წლის 24 თებერვლის წერილი.

კოტე მარჯანიშვილი პეტრე ოცხელს წერს:

ახლა ღამეა, არ მეძინება და მსურს გაგიზიარო ჩემი მოსაზრება ყოველივე იმის შესახებ, რაც შენ გაწუხებს. თუ კი მისაღები იქნება შენთვის, მიიღე თუ არა და, გადააგდე, მე არ მეწყინება. რაც უფრო მეტს ვიტანჯები თეატრის გამო, მით უფრო მეძნელება მის შესახებ წერა. განსაკუთრებით, შენ გამო ვღელავ ჩემო პეტრე. ბედმა დაგაჯილდოვა უდიდესი ნიჭით და შენ ვალში ხარ მის წინაშე. შენ ჯერ ძალზე ახალგაზრდა ხარ და სიკვდილზე არ ფიქრობ. სიკვდილი სულელური სიტყვაა. სიკვდილი არ არსებობს. სწორედ ის, რაც დარჩება შენს შემდეგ არის გამარჯვება ყოველივეზე, რასაც სიკვდილი ანუ სამარადისოდ დავიწყება ეწოდება. ამაოა შენი შიში იმისა, რომ მოგიწევს ძველი ტრადიციების არტახებში დარჩენა და ამას შეეწირება შენი ფანტაზია და პრინიპებიც კი. გადავიდეთ ჩვენს ერთობლივ საქმეებზე, როგორ ვაჩვენოთ ჩრდილები, კინოს გამოყენება. ჩემი ძვლები ორჯერ მოასწრებენ დამიწებას სამარეში ვიდრე მცირე თეატრი გადაწყვეტს და ჩართავს კინოს სპეკტაკლის მსვლელობაში. არ შეკრთე, დღემდე შენ ყველაფერი ბრწყინვალედ გამოგდიოდა. შენ თვითონ პიესის არსითა და თეატრის თვისებებით იყავი გამსჭვალული. ჩემი არ გესწავლება, ჩემო პეტრე. არ მომწერო წერილი, რადგან მივემგზავრები. როგორ არის შენი ჯანმთელობა? გახსოვდეს რომ შენი ჯანმთელობა ჩემი ერთ-ერთი ქრონიკული სამწუხარია.

ამ წერილის მიწერიდან კ. მარჯანიშვილი ორი თვის შემდეგ 1933 წლის 16 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა მოსკოვში. კ. მარჯანიშვილის დაკრძალვა რა თქმა უნდა, პეტრემ გააფორმა.

პეტრე ოცხელს ორი მიზეზი ჰქონდა მოსკოვში წასასვლელად – ერთი კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალება, მეორე – თეატრში მისადმი კარგი დამოკიდებულბა. ოცხელი არა მხოლოდ რეჟისორებში, არამედ მსახიობებშიც აღფრთოვანებას იწვევდა. მოსწონდათ ყველაფერი, რაც არ უნდა მიეტანა, რაც ოცხელის გაღიზიანებას იწვევდა. ჩხუბობდა, როგორ შეიძლება ყველაფერი მოგწონდეთ და ყველაფერი კარგი იყოსო.

ეძებდა კრიტიკას, ადგილს, სადაც ასეთი აღფრთოვანებულები არ იქნებოდნენ მისით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა ასეთი ადგილის/თეატრის ნახვა. არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მის შემოქმედებას დაიწუნებდა.

პეტრე ოცხელს სპონდელიტი აწუხებდა, რის გამოც კორსეტით დადიოდა და უძლებდა გაუსაძლის ტკივილებს, რომელიც არასდროს შეუმჩნევია. პეტრე ოცხელი საქართველოს პარარელურად მოსკოვშიც აფორმებდა სპექტაკლებს. კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ პეტრე ოცხელს მოსკოვში მცირე თეატრში სამუშაოდ სერგო ამაღლობელი იწვევს, რომელიც იმ დროს თეატრის დირექტორი იყო. წელიწადში რამდენიმე სპექტაკლი ჰქონდა გასაკეთებელი და თავაუღებლად მუშაობდა.

ოცხელის შრომა, აზროვნება, ღირებულებები და პიროვნული თისებები მისი დის მისამართით გაგზავნილ წერილშიც ჩანს. პეტრე თავის და ნინკას წერს:

რა თქმა უნდა, მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე. თავს კი არ ვიმართლებ, მაგრამ გაითვალისწინე ის, რომ შემოდგომით თეატრალური სეზონი იწყება. მიხვდები, რომ რაოდენ მძიმე დატვირთვა მოდის ჩემზე. პირდაპირ ჯოჯოხეთია. მთელი ზაფხული მხოლოდ ხალისიანი განწყობით გავატარე. მთელ ზაფხულს გამყვა მხიარული სულისკვეთება იმის გამო, რომ შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიყავი გახარებული ჩემი სამუშაოს გამო, რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესის დროს. შენ გამიგებ, რომ ერთი ასეთი შეგრძნება გადაფარავს მრავალ უსიამოვნებას მით უმეტეს მაშინ, როცა სასიხარულო ამბებით განებივრებული არა ვართ. ასე რომ, ჩემო ნინაჩკა, გეხვეწები, ნუ წარმომსახავ პატარა ბიჭად, რომლის დაყოლიება საჩუქრებით შესაძლებელია. ასეთი მდარე სტილი ჩემთვის დამახასიათებელი არ არის და ვგონებ შენც დამეთანხმები ამაში. ახლა რაც შეეხება სტანისლავსკის. შენ ტყუილად გგონია, რომ რამენაირად ვცდილობ მისი, როგორც ხელოვანისა და ოსტატის ღირსების დაკნინებას, თუმცა, მართალი რომ გითხრა, არ ვთვლი მას მარჯანიშვილზე ბრწყინვალე რეჟისორად. ახლახან სტანისლავსკიმ ბებას რეჟისორ იოსებ თუმანიშვილს უთხრა: ჩემს სიცოცხლეში არ შევხვედრილვარ კოტე მარჯანიშვილისნაირ ელვარე და შთამაგონებელ რეჟისორს. ეს მისი სიტყვებია. რაც შეეხება ჩემ ფორმალიზმს. მე და შენ შორის, რომ დარჩეს, მე მას არ ვემიჯნები და არც გავემიჯნები არასდროს, რადგან რაც ჩემთვის დამახასიათებელია და ჩემს პიროვნებას წარმოაჩენს და განასხვავებს დანარჩენებისაგან, მასზე უარის თქმა სასაცილოც იქნებოდა. ნუ ფიქრობ, რომ მე თავს ფორმალისტად ვთვლი. შენ ცდები, თუკი ყოველივე არარეალურს ფორმალიზმს დაარქმევ. ყველა ამ იზმებს მრავალი განშტოება აქვს, რომელთაც ასე ადვილად ვერ შეურჩევ სახელს. უნდა გითხრა, რომ სადღაც ამოვიკითხე პროფესორ მოროზოვის სამხატრო მეცნიერების აკადემიის პროფესორის სტატია მარჯანიშვილის თეატრის შესახებ, სადაც იგი წერს მხატვარ ოცხელის არაჩვეულებრივად ნიჭიერად შესრულებული ნამუშევრები, რომელთაც ურიელ აკოსტა უდევს საფუძვლად, არანაირ ჩარჩოებში არ თავსდებიან. ჩვენ, ხელოვნების დარგის სპეციალისტები, ვერ ვახერხებთ მათ რომელიმე ამჟამად ცნობილი მიმართულებისთვის მიკუთვნებას, რადგან ისინი უაღრესად ახლებური და სპეციფიკურები არიან. შენ კი ფორმალისტად შემრაცხე. ამჯერად ვწყვეტ ამ თემაზე საუბარს, რადგან წერილობით შენთვის ლექციების კითხვა უშედეგო მგონია. ეს არც არის სასურველია, რადგან თუ ოდესმე ვინმე წაიკითხავს ჩემს ნაწერს, იფიქრებს, რომ მე ჩემი თავი დიდ ვინმედ წარმომიდგენია. არავინ არ იფიქრებს იმას, რომ შენნაირმა მაცდურმა გამომიწვია პაექრობაში. დავიღალე წერილის წერით, ახლახან დავბრუნდი სტანისლავსკის თეატრიდან. წერილს საწოლში მწოლიარე ვწერ არაქათ გამოცლილი. კიდე ერთხელ ვამტკიცებ, რომ შენზე საძაგელი ადამიანი არ შემხვედრია თეატრშიც კი, ჩემო ძვირფასო ნინკა. ამას გახსენებ სხვათაშორის, რომ არ დაგავიწყდეს.

გკოცნი პეტია.

არც კონსტანტინე სტანისლავსკის გამოჰპარვია მისი ნიჭი. მან მოსკოვში კონკურსი გამოაცხადა. მასში ბევრ მხატვარს შორის მხოლოდ ერთი ნამუშევრით გაიმარჯვა ოცხელმა და მიიღო პირველი პრემია.

პეტრე ოცხელის მიერ გაფორმებულ სპეკტაკლებს შორისაა – ,,ურიელ აკოსტა’’ (რეჟისორი: კ. მარჯანიშვილი, 1929), ,,ბეატრიჩე ჩენჩი’’ ( რეჟისორი: კ. მარჯანიშვილი, 1930), ,,მუნჯები ალაპარაკდნენ’’ ( რეჟისორი: დ. ანთიძე, 1932), ,,ყაჩაღები’’ (რეჟისორი: კ. მარჯანიშვილი, 1932), ,,ოტელო’’ (რეჟისორი: კ. მარჯანიშვილი, 1933), ,,ჩვენ გავიმარჯვებთ’’ (რეჟოსორი: ა.თაყაიშვილი, 1934), ,,ჩატეხილი ხიდი’’ (რეჟისორი: ვ. ყუშიტაშვილი, 1935), საოპერო სპექტაკლი – გოლდონის „სახალისო შემთხვევა“. ასევე, მუშაობდა სტანისლავსკის საოპერო დადგმაზე „რიგოლეტო“ და სხვა მრავალი.

1937 წელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი და მძიმე პერიოდია, რომელსაც უამრავი უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 1921–24 წლების შემდეგ, 1937 წელს ჯერი ხელოვნების სფეროში მოღვაწეებზე დგება და ადამიანთა დაპატიმრება, დახვრეტა, გადასახლება კულმინაციას აღწევს. 1921 წლამდე თეატრი ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენდა, მაგრამ თეატრამდეც მიაღწია ცენზურამ. რეპერტუარებში აიკრძალა ყველაფერი, რაც პატრიოტულ, ეროვნულ ნიშნებს შეიცავდა. სტალინს არ უყვარდა ინოვატორი ადამიანები. მათში საფრთხეს ხედავდა და უმოწყალოდ უსწორდებოდა. ცენზურა, რა თქმა უნდა, პეტრე ოცხელსაც შეეხო, რასაც ძალიან განიცდიდა. 1937 წლის ტალღას შეეწირა 29 წლის პეტრე ოცხელიც, რომელიც მოსკოვში 21 სექტემბერს, გვიან ღამით მოულოდნელად დააპატიმრეს და გასამართლების გარეშე თბილისში დახვრიტეს ვახტანგ აბაშიძესთან და გიორგი ჟორდანიასთან ერთად.

ინტელიგენტი, შრომისმოყვარე და პროგრესული ადამიანების ამოხოცვით სტალინმა ნოვატორული ტენდენციებით გაჟღენთილ თბილისს წერტილი დაუსვა, რადგან ისინი ქმნიდნენ თანამედროვე ეროვნულ ხელოვნებას, რომელიც არ ჯდებოდა იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაკარნახევ სოციალისტური რეალიზმის ჩარჩოებში.

ასე დასრულდა პეტრე ოცხელის ფიზიკური არსებობა, მაგრამ ფაქტია, რომ ის იქამდე განაგრძობს ცხოვრებას, სანამ მისი მხატვრული ნაწარმოებები იარსებებს. პეტრე ოცხელმა ბევრჯერ გაიმარჯვა და მათ შორის სიკვდილზეც. ის ხომ შემოქმედებითი კუთხით უკვდავად დარჩა და რაც დრო გადის, უფრო მეტად ფასდება თაობების მიერ.

ავტორი: მარიამ ნაცვლიშვილი