GITA სტარტაპებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგეტო (GITA) სტარტაპებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. როგორც GITA-ს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე ამბობს, მთავარი მიზანი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაა. საუბარია ოთხ მიმართულებაზე, რომელიც, მისი თქმით, სტარტაპებს ოფიციალურ სტატუსს და საგადასახადო შეღავათებს მიანიჭებს, ასევე, დაეხმარება დაფინასნების დამატებითი წყაროს მოძიებაში.

Photo Credit: The Economic Times

პირველი არის ინოვაციების შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც ტარტაპ კომპანიებს სამართლებრივ სტატუსს მიანიჭებს . ეს არ იქნება სამეწარმეო სამართლებრივი ფორმის ახალი სახე, სტარტაპი ისევ შპს, სააქციო საზოგადოება და ა.შ. იქნება. დამატებით, GITA-სგან, სტარტაპის სტატუსს მიიღებს. ამით შეძლებს, ტარგეტირებულ სახელმწიფო, მუნიციპალურ თუ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მხოლოდ სტარტაპებისთვისაა. სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებისთვის იქნება დამატებითი საგადასახადო შეღავათები, რომელიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. პრინციპში, ეს იქნება, როგორც ტექნიკური (რომ სტარტაპის სამართლებრივი სტატუსი მიიღონ), ისე შინაარსობრივი შემოწმება, რადგან სტარტაპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლესაც განვსაზღვრავთ, სწორედ ინოვაციურობა და მასშტაბურობაა. მეორე არის რეფორმა წილობრივი და სასესხო Crowdfunding-ის მიმართულებით – ქართულ სტარტაპებს, აქაც ვსაუბრობთ მხოლოდ სტარტაპერებზე და არა მცირე თუ საშუალო ბიზნესზე, შესაძლებლობა ექნებათ, დამატებითი, ალტერნატიული დაფინანსება მოიპოვონ მოსახლეობისგან. სანაცვლოდ კი თავიანთ სტარტაპ კომპანიებში შესთავაზონ წილი ან ისესხონ ეს თანხა. შევისწავლეთ ამერიკის და ინგლისის საუკეთესო მაგალითები, კანონმდებლობა, რომელიც უკვე მიღებულია ამ ქვეყნებში და ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომელიც არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ცვლილების შედეგად, სტარტაპებისთვის, სწორედ ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამარტივებულ ვარიანტს მივიღებთ. რეალურად, თავად არ აქვთ არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი, რომ საფონდო ბირჟაზე აქციები გაიტანონ და ამის მეშვეობით მიიღონ ინვესტიციები. შესაბამისად, Crowdfunding იქნება შუალედური საშუალება მათთვის, მოიპოვონ ალტერნატიული დაფინანსება. მესამე მიმართულება არის ვენჩორული და საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწა. ეროვნულ ბანკში შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჩვენი როლი რეკომენდაციების შემუშავებაა, იმ საინვესტიციო ფონდებზე, რომელიც სტარტაპებს აფინანსებს. ეს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გაითვალისწინონ [სამუშაო ჯგუფმა] ძირითადი ხაზი, რაც წაადგება სტარტაპების განვითარებას. მეოთხე არის სახელმწიფო შესყიდვების ლიბერალიზაცია. ვგულისხმობთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ სახელმწიფო ტენდერებში უპირატესობა მიენიჭოს ინოვაციურ პროდუქტებსა და ინოვაციური პროდუქტების შემქმნელ კომპანიებს. ეს დამატებით, რა თქმა უდნა, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას“, – ამბობს ავთანდილ კასრაძე.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით, GITA პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე მიმართავს. ინიციატივა, ძალაში, საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში შევა. ამას კი, პროექტის წარდგენიდან, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდება.