მერაბ აბრამიშვილის მიერ ნაპოვნი სამოთხე

მისი ნახატების ყურებამ შეიძლება იმ ორ ალტერნატივას შორის მოგაქციოს, რასაც ყოფნა და არყოფნა ჰქვია. ჰო.. რაღაცნაირად, თითქოს თან ხარ და თან არც ხარ, რადგან მისი ჰარმონიული შემოქმედება ფიზიკურ სიმსუბუქეს განიჭებს. გგონია, რომ წამიერად მის მიერ დახატულ სამოთხეში ხარ, მერე რა, რომ რეალურად არც იცი, როგორია ის – ნახატიც გყოფნის..

რამდენიც არ უნდა ათვალიერო, მერაბ აბრამიშვილის ნახატები ისეთია, თითქოს ბოლომდე რომ ვერ შეითვისებ, რადგან მასში სულ რჩება რაღაც.. რაღაც ამოუცნობი.. დეტალების კორიანტელი, ხატვის სტილი, სიძველის ეფექტი და ფერთა გამა გაძლევს საშუალებას, თქვა, რომ ეს ნახატები არაამქვეყნიურია – პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით. ალბათ ეს უფრო იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად იგი რელიგიურ თემატიკაზე დაფუძნებულ ნახატებს ხატავდა. (რელიგიურ თემატიკას უკავშირდება მისი შემდეგი ნახატები: ”საიდუმლო სერობა”, ”ხარება”, ”დატირება”, ”ჯვარცმა”, ”გაბრიელი”, ”დილის ანგელოზები”, “ამაღლება”, ”აპოკალიფსისი” – ეს ის თემებია, რომლებსაც მუდმივად უბრუნდება მხატვარი).

1957 წლის 16 მარტს დაბადებული მხატვარი დაზგური ფერწერის შესაქმნელად შუა საუკუნეების ფრესკებისთვის დამახასიათებელ ტექნიკას იყენებდა. მის პირველ შთაგონებად ექსპედიციაში ნანახი ატენის სიონის ფრესკები იქცა. სწორედ ამ ფრესკებით შთაგონებულმა მერაბმა ასლები დახატა და საამისოდ ლევკასის ტექნიკა გამოიყენა. ლევკასის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ხეზე სრულდება, იგი თავდაპირველად ცარცისა და ხის წებოს გრუნტით იფარება. შემდეგ უკვე მხატვარი ტემპერას საღებავებით საწყის ჩანახატს ასრულებს, რომელსაც ნაწილობრივ ჩამორეცხავს და ისევ თავიდან ასრულებს ძირითად ნახატს. ბოლოს უკვე სურათის ზედაპირი კვერცხის გულით იფარება. ამ ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ფრესკას ემსგავსება. მხატვრის მიზანიც ეს იყო – ქარ­თუ­ლი ფრეს­კუ­ლი მხატ­ვ­რო­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი ­ტილოზე გად­მო­ე­ტა­ნა..

მერაბის ხელოვნებით დაინტერესება არც თუ ისე შემთხვევითი იყო – მამა, გურამ აბრამიშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იყო.. “ფრესკის სიყვარული მამაჩემის დამსახურებაა, მისი წყალობით, ბავშვობიდან გავეცანი საქართველოს ოქროს ფონდს, ხატწერას, დავყავდი ექსპედიციებში. ჩემი ფერწერა, შეიძლება ითქვას, ხატწერის გადამღერებაა, მე მომწონს სიბრტყეზე აზროვნება“, – ამბობდა მხატვარი. დიდედას, მარიამ ჩუბინიშვილს კი კარგად ეხერხებოდა ხატვა, სწორედ იგი იყო მერაბის პირველი მასწავლებელი ამ კუთხით. საინტერესოა ისიც, რომ მერაბის საყვარელი საგანი სკოლაში ხატვა იყო, თუმცა, მას ამ საგანში სამიანი ეწერა.

მერაბ აბრამიშვილი 1972-1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში. მხატვრისთვის ეს სტუდია საყვარელ მოგონებებთან და გამოცდილებასთან ასოცირდებოდა. მისთვის ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე არა მხოლოდ კარგი პედაგოგი, არამედ მრავალი ღირსებით დაჯილდოებული პიროვნება იყო. „აკადემიაში ჩაბარებამდე და შემდეგაც ინტენსიურად ვმეცადინეობდი მხატვარ შურა ბანძელაძესთან. ამდენად, ის ჩემი მასწავლებელია; ძირითადად კი გამოვდივარ ქართული ფრესკული მხატვრობიდან – ეს არის რაც მიზიდავს”, – ამბობდა მერაბი.

მის პირველ სერიოზულ ნამუშევრად “სამას არაგველს” მიიჩნევენ, რომელიც მხატვარმა 1987 წელს შექმნა. იგი ასევე, სწავლობდა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­აში, რო­მე­ლიც მან 1981 წელს დაზ­გუ­რი გრა­ფი­კის გან­ხ­რით დაამ­თავ­რა. მი­სი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი “ამი­რა­ნის ეპო­სის” ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი იყო.

მერაბ აბრამიშვილი ის მხატვარი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში მოუწია მოღვაწეობა – არც მან და არც ერთმა 80-იანელმა მხატვარმა არ იცოდა, რა იქნებოდა მომავალში.. ისინი გაურკვეველი მომავლის ზღურბლზე იდგნენ..

მის შემოქმედებაში ძალიან დიდი როლი უჭირავს ფლორას და ფაუნას. გონებაში წარმოდგენილ ცხოველებს საკუთარი ინტერპრეტაციებით ხატავდა, მცენარეებს კი ძირისძირობამდე ჩასდევდა და ფესვებიანად გადმოჰქონდა ტილოზე. ცდილობდა, მათი ყველა დეტალი ეჩვენებინა საზოგადოებისთვის. მთელ ტილოზე გაგრძელებული ფესვები თუ ფოთლები კი საერთო ჯამში სრულიად ჰარმონიულ ნახატებს ქმნიდნენ.

„ბავშვობაში მინდოდა, ვეფხვების მომთვინიერებელი ვყოფილიყავი. ეს ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. სამაგიეროდ, ჩემს ბავშვურ ოცნებებს ტილოზე ვაცოცხლებ. გარდა ამისა, ბავშვობაში გატაცებული ვიყავი სათავგადასავლო ლიტერატურით. ასეთი ჟანრის წიგნები ბევრი მაქვს წაკითხული და მოგვიანებით, როდესაც მხატვარი გავხდი, ბავშვობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა თავი ისევ შემახსენეს – ცხოველების ხატვა დავიწყე, რადგან მათი ხატვისას დიდ სიამოვნებას ვიღებ..”

მის მხატვრობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე “დაკარგული სამოთხის” პოვნას, გაცოცხლებას.. ამ თემაზე მას უამრავი ნამუშევარი აქვს შესრულებული. მისი სამოთხის ობიექტებად კი ცხოველები და მცენარეები, რელიგიური პერსონაჟები, წვრილი დეტალები და ამ დეტალებით შექმნილი დიაგრამები გვევლინება.

მას სამოთხის მსგავს ადგილად აფრიკა ესახებოდა, ამბობდა, “დედამიწაზე თუ რაიმე ადგილი შეიძლება სამოთხეს ჰგავდეს, აფრიკაა..” ალბათ ამიტომ იყო, რომ იგი ქართული ფრესკის გარდა, აღმოსავლურმა დეკორატიულმა ხელოვნებამ გაიტაცა. “ჩემი შემოქმედების რაღაც ეტაპზე შემეცვალა მხატვრული აზროვნება და დავიწყე აღმოსავლური (სპარსული) მინიატურის შესწავლა”, – ამბობდა მხატვარი.

საბოლოოდ კი, იგი სწორედ ამ ორი განსხვავებული მხატვრული მიმართულების (ქართული ფრესკა და აღმოსავლური მინიატურა) მიმდევარ შემოქმედად ჩამოყალიბდა.

იგი საკუთარ ნახატებს საკუთარ შვილებად აღიქვამდა, რასაც შემდეგი ფაქტი მოწმობს: სამოქალაქო ომის დროს მის სახლთან ერთად მისი 16 ნახატიც დაიწვა. ამის შესახებ კი უთქვამს: “ჩემი 16 შვილი დაიწვაო..”

მერაბ აბრამიშვილმა სიცოცხლეში სულ 5 პერსონალური გამოფენა გამართა. მის შემოქმედებას საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოჰყვა. მხატვრის ნამუშევრებმა ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება სოთბისა და კრისტის აუქციონებზე მისი გარდაცვალების შემდეგ მიიპყრო. 2013-2014 წლებში მისი ნამუშევრები სოთბის ლონდონის სააუქციონო სახლის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. იგი 80-იანელთა სამხატვრო ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. თითქმის არც ერთი თანამედროვე მხატვარი არ ხატავდა იმ სტილით, რომლითაც მერაბ აბრამიშვილმა უდიდესი ინდივიდუალიზმით სავსე მხატვრად დაიმკვიდრა თავი..

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე დედამისისთვის უთქვამს: ,,დედა, მე ისეთი ანგელოზი დამესიზმრა, რაღაც არაჩვეულებრივი ფერები ჰქონდაო… იმ ფერებს, თუ შევძელი, გადმოვიღებ და დავხატავო…”

მერაბ აბრამიშვილის წარმოსახვა მართლაც არაჩვეულებრივი ფერებით იყო გაფორმებული. მისი აბსტრაქტული ნამუშევრები კონკრეტულ და სასიამოვნო შეგრძებებს აჩენს მნახველში. რაც უნდა იყოს, ჩვენ დღეს თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ მერაბ აბრამიშვილით და კიდევ ერთხელ ვაღიაროთ ქართული მხატვრობის გენიალურობა..

ბოლოს კი, გთავაზობთ ბაია წიქორიძის შეფასებას მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების შესახებ:

“საერთოდ, “ხატის” მხატვარია… მიძღვნის მოყვარული, პოზიცია რელიგიურია, თაყვანისმცემლური, ყველგან ობიექტის განდიდებაა, მისით აღფრთოვანება, ახლოს მისვლა, ცნობისმოყვარეობა, მთლიანი უზურპაცია, შეყვარება… შენც გაყვარებს… ხატვა – მოფერება… ხატვა – შეყვარება… სურათის “ტექსტი” შედგენილია ნახატის ანბანით: როგორც სიტყვებში ასოებს, ისე სვამს ფოთლებს ღეროებზე, ორნამენტს ქსოვილზე, ბუმბულს ფრთებზე, ნაყოფს ყლორტებზე… კი არ ხატავს, თითქოს წერს… და ხშირად მართლაც წერს ნახატის გარშემო… შუასაუკუნეების კალიგრაფის მოთმინებით და გულისყურით გამოჰყავს ნახატი: მცენარეების ღეროები, ფოთლები, მზესუმზირის მარცვლები, პალმის რტოები, მარგალიტები, ასკილის ნაყოფი, ყვავილები, ლეოპარდის ხალები, ქსოვილის ორნამენტი, ფიგურის კონტური… პალიმფსესტის ეფექტია… შრეების ხლართი… ქვედა შრეები ზედაპირის ეფექტს ქმნის. მცენარეებს ფესვებიანა ხატავს, ფოთლების “ძარღვებს” მიყვება, ყვავილობის, გაფურჩქვნის, სიცოცხლის ვიბრაციის, თითქოს სურნელების ეფექტს ქმნის. საგნის ან ობიექტის სრულ პოტენციას გადმოცემს – სილამაზე უკიდურესობამდე მიყავს, დინამიკა ექსპრესიამდე, რიტმი კულმინაციამდე… უცნაურ ეფექტს აღწევს, ერთდროულად რეალურისა და ირეალურის.”

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე