#ეფ-ეს-ბეს ჩართულობა და კრემლის კვალი

12
„ბერლინელი მკვლელი“- ვლადიმირ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სპეცდანიშნულების რაზმის, “ვიმპელის” ბაზაზე გადიოდა წვრთნას – ამის შესახებ წერს გამოცემა ბელინგკეტი მის პარტნიორებთან, გერმანულ შპიგელთან და რუსულ ინსაიდერთან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად.

კრასიკოვი, რომელიც ბერლინში 2019 წლის აგვისტოში ვადიმ სოკოლოვის პასპორტით ჩავიდა, ევროპაში გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე არაერთხელ იმყოფებოდა „ეფ-ეს- ბეს“ ანტიტერორისტულ სამმართველოში. გამოძიების ავტორები წერენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა მომზადდა ედუარდ ბენდერსკის, “ეფ-ეს-ბეს” ყოფილი ოფიცრების საქველმოქმედო ფონდის „ვიმპელის“ თავმჯდომარის ზედამხედველობით.

ბენდერსკის გვარი ახლახან „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ მაქსიმ იაკუბეცი, რუსი ჰაკერი, რომლის დაჭერისთვის აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს ხუთმილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული, ედუარდ ბენდერსკის, სიძეა.

​ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ჟურნალისტური გამოძიების ბოლო დასკვნები ეყრდნობა ვადიმ კრასიკოვის მიერ გამოყენებული სატელეფონო ნომრების მეტამონაცემებს.

„შპიგელი“, „ბელინგკეტი“ და „ინსაიდერი“ ამტკიცებენ, რომ „ეფ-ეს-ბემ“ და რუსეთის პოლიციამ დაკავებული პირის ნამდვილი ვინაობა დაუმალეს გერმანიის საგამოძიებო ორგანოებს, უარყვეს რა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ დაკავებულის ყალბი იდენტობა იყო. ყალბი დოკუმენტების მომზადებაში უშუალოდ ეფ-ეს-ბე იყო ჩართული. რუსეთის ხელისუფლებამ სცადა წაეშალა მკვლელის ვინაობასთან დაკავშირებული საჯარო მონაცემები.

ჟურნალისტური გამოძიება, ახალი მონაცემებზე დაყრდნობით, გამორიცხავს ხანგოშვილის მკვლელობის დანაშაულებრივ ჯგუფებთან, ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვთან, ან პირად ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვერსიებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ესაუბრა ბელინგკეტის საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელს ქრისტო გროზევს, რომელიც ამბოობს, რომ ჟურნალისტების ხელთ არსებული სამხილები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ხანგოშვილის მკვლელობის სანქცია უშუალოდ კრემლიდან გაიცა.

“ჩვენ შევისწავლეთ კრასკოვის ყველა გადაადგილება მოსკოვის გარშემო და მისი სატელეფონო ზარები რუსეთში 2019 წლის თებერვლის დასაწყისიდან. დაახლობით მარტის დასაწყისში, მან დაიწყო მჭიდრო კომუნიკაცია სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელთან“. დაავშირებული ადამიანების წრესთან – დაახლოებით 12 ადამიანთან; სულ მცირე ერთი მათგანი იყო „ვიმპელის“ მოქმედი წევრი.

ბერლინში ოპერაციამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ეს კომუნიკაცია გაცილებით ინტენსიური გახდა: მას დღეში რამდენიმე ზარი სატელეფონო ზარი ჰქონდა, მათ შორის ედუარდ ბენდერსკისთან; ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მოძრაობის ანალიზი.

გაირკვა, რომ გარდა „ვიმპელთან“ და ბენდერსკის კუთვნილი კერძო უსაფრთხოების კომპანია „ვიმპელ-A-სთან” დაკავშირებული შენობების სტუმრობისა, კრასიკოვი ხშირად დადიოდა უშუალოდ ეფ-ეს-ბესთან დაკავშირებულ შენობებში. მათ შორისაა ეფ-ეს-ბეს ანტიტერორისტული ცენტრი მოსკოვში და ორი დახურული ბაზა – სპეციალური ოპერაციების ცენტრი ბალაშიხაში და ამ ცენტრის სასწავლო პოლიგონი სოფელ ავერკიევოში. ის ფაქტი, რომ ის რეალურად ამ პოლიგონზე ცხოვრობდა ბერლინში გამგზავრებამდე 4 დღის განმავლობაში, ჩვენ ბერლინში მომხდარი მკვლელობის გარდა ვერაფერს დავუკავშირებთ…. ”

“…ყველაფერი ცხადყოფს, რომ ეს იყო ცენტრალიზებურად დაგეგმილი მკვლელობა, განხორციელებული სულ მცირე ეფ-ეს-ბეს ზედამხედველობით და, სავარაუდოდ, კრემლის სანქციით“ უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ქრისტო გროზევმა, ბელინგკეტის საგამოძიებო ჯგუფის ანალიტიკოსმა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

საქმეს იძიებს გერმანიის ფედერალური პროკურატურა, რაც ადასტურებს, რომ გერმანელი გამომძიებლები შესაძლოა მკვლელობაში სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობასაც განიხილავენ.

0

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.