#ცხინვალში მაღაზიები ცარიელდება

12

ცხინვალში სასურსათო მაღაზიები პროდუქტისგან ცარიელდება. ვიტრინებში და თაროებზე რძის პროდუქტები საერთოდ აღარ ჩანს, დეფიციტია ბურღულეულსა და ბავშვთა კვების პროდუქციაზე. ადგილობრივი ტელევიზიით აღარც მალავენ, რომ კრიზისის ნიშნებია. მზადდება რეპორტაჟები იმის შესახებ, რომ მაღაზიები უკვე ბოლო მარაგებს ყიდიან. დე ფაქტო რესპუბლიკის ტელევიზიით გავიდა რეპორტაჟი, სადაც ნაჩვენები იყო, როგორაა დაცარიელებული მაცივრები რძის პროდუქტებისგან. ერთ-ერთი მომხმარებელი, ლარისა ჯიოევა, ამბობს, რომ დეფიციტი თვალშისაცემია.

„სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ცოტას ვყიდულობ, მაგრამ ცარიელი თაროები ვნახე. ესე იგი, ცხადია, რომ რაღაც არაა საკმარისი“.

მაღაზიის გამყიდველი მარინა კოზაევა კი აცხადებს, რომ სწრაფად ილევა ბურღულეული და რძის პროდუქტები.

„რძის პროდუქტების გარდა, არ გვყოფნის ბურღულეული. არ არის წიწიბურა, ბრინჯი და სხვა დანარჩენი“.

ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველი ულვია საგაევა ამბობს, რომ თუ რუსეთის საბაჟომ ცხინვალისკენ ტვირთები სწრაფად არ გამოატარა, ქალაქი საერთოდ პროდუქტების გარეშე დარჩება:

„თუ ვერ შემოვიტანეთ ამ მოკლე დროში, საერთოდ პროდუქციის გარეშე დავრჩებით“.

რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში პროდუქტების შეტანისას პრობლემები, ორ კვირაზე მეტია, რაც გაჩნდა.

როკის გვირაბი

რუსეთის მებაჟეები ცხინვალისკენ მიმავალ ტვირთებზე ითხოვენ ევრაზიული საბაჟო კავშირის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას, ცხინვალელი მეწარმეები კი ირწმუნებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკის ბაზარი და მოსახლეობა იმდენად მცირეა, რომ იქ მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქცია შედის, ზოგიერთ მანქანაში ხანდახან ასამდე დასახელების პროდუქტია და მათზე სათითაოდ ვერ გაფორმდება ვერც წარმომავლობის სერტიფიკატი და ვერც ექსპორტის დოკუმენტაცია. შეწუხებულმა მეწარმეებმა ცხინვალის ცენტრშიც არაერთხელ მოიყარეს თავი, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარება ეთხოვათ. ბიზნესმენები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ბიბილოვის ხელისუფლება ტვირთების გადაადგილებისას წარმოქმნილ პრობლემებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ვერ აგვარებს. უკვე წლებია, ცხინვალელ ბიზნესმენებს ეს პრობლემები აწუხებთ და საბაჟო რეჟიმის პერიოდული შერბილება თუ ხდება, საერთო ჯამში, ეს ვერ ხსნის პრობლემას. მათ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალან დატდაევი შეხვდა, რომელმაც მხოლოდ ის თქვა, რომ წერილი გაგზავნეს კრემლში და რუსეთის ფედერაციის მთავრობას საბაჟო რეჟიმის შერბილება სთხოვეს.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბევრი ცხინვალელი ადასტურებს, რომ ადგილობრივი ექიმები მათ სწორედ ქართულ ბაზარზე არსებული სამედიცინო პრეპარატების ყიდვას ურჩევენ, რადგან თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ხარისხის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

ცხინვალის მედიის ცნობით, მედიკამენტების სიმცირე უკვე აფთიაქებშიც შეინიშნება. ამ ფონზე დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფთიაქებში რეიდები ჩაატარა ქართული წარმოების წამლების აღმოსაჩენად.

სააგენტო „რესი“ 17 თებერვალს დე ფაქტო შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ „ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა ორ აფთიაქში აღმოაჩინეს და ჩამოართვეს სამედიცინო პრეპარატები ქართული წარწერებით. ინფორმაციაში მითითებულია, სულ მცირე, ექვსი დასახელების პრეპარატი, მათ შორის – „კოლხური“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული წარმოების პროდუქციის, მათ შორის სამედიცინო პრეპარატების გაყიდვა აკრძალულია დე ფაქტო მთავრობის სპეციალური დადგენილებით.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ბევრი ცხინვალელი ადასტურებს, რომ ადგილობრივი ექიმები მათ სწორედ ქართულ ბაზარზე არსებული სამედიცინო პრეპარატების ყიდვას ურჩევენ, რადგან თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ხარისხის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ოკუპირებულ რეგიონში მედიკამენტები ძირითადად რუსეთიდან შეაქვთ.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შექმნილი კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აბსურდულობას. მისი აზრით, ეს პრობლემები ქვემო ზარამაგზე რუსეთში საკადრო ცვლილებების შემდეგ დაიწყო და მისი გადაჭრის გზაც არ ჩანს. ბენდიანაშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებას ადგილობრივი ბაზრის შესავსებად ახალგორის გზის გახსნის ვარიანტი აქვს, მაგრამ ამას მოსკოვის დაუკითხავად ვერ აკეთებს.

ცხინვალში შექმნილი სასურსათო კრიზისის ფონზე პროდუქცია გაძვირებულია ოკუპირებული ახალგორის მაღაზიებშიც. ნახევრად დაცარიელებულ დაბაში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტებით იკვებება. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროების ცნობით კი, დაბაში უკვე ჩადიან ცხინვალელი მეწარმეები და მოსახლეობისგან კარტოფილსა და შინ დამზადებულ რძის პროდუქტებს ყიდულობენ, შემდეგ კი ცხინვალში მიაქვთ და იქ ყიდიან. ქვემო ზარამაგთან რუსეთის საბაჟოზე შექმნილი პრობლემების შემდეგ ზოგიერთმა მეწარმემ გამოსავალი მოძებნა: სატვირთო მანქანებიდან ტვირთებს მსუბუქ მანქანებსა და მიკროავტობუსებში ტვირთავენ და რუსეთის საბაჟოზე მათ, როგორც ხელბარგს, ისე ატარებენ. იქაური კანონმდებლობით, თითო მოქალაქეს 50 კილოგრამი ხელბარგის გადატანა შეუძლია, ამიტომ მეწარმეები ნათესავებისა და მეზობლების სიებით დადიან, 50-50 კილოგრამს აფორმებენ მათზე და ამ გზით შეაქვთ ცხინვალში რუსეთის პროდუქცია. ამასობაში ახალგორის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია, თბილისიდან ცხინვალამდე ტვირთის ჩატანა კი ბევრად მარტივად და შედარებით დაბალ ფასად შეიძლება, თუმცა ბიბილოვის ხელისუფლება ამ ნაბიჯს ჯერ არ დგამს.

0

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.