„მზად ხართ თუ არა, დააყენოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი და მოითხოვოთ მისი გადაყენება,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმყოფება. კანონმდებლები გასულ კვირას კობა გვენეტაძის გამოსვლას და ანგარიშს აფასებენ. ჭიაბერაშვილი საბანკო რეგულაციებზე საუბრობს და ამბობს, რომ რეგულაციებმა მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, პრობლემები შეექმნა ეკონომიკასაც, რაზეც მისი თქმით, პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძეა.

„როდესაც რამდენიმე ხანში, აუცილებლად მოგიწევთ ამ საბანკო რეგულაციების გადახედვა, იმ უზარმაზარი ზიანის გათვალისწინებით, რასაც იღებს დღეს ჩვენი მოქალაქეობა, მზად ხართ თუ არა, დააყენოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი და მოითხოვოთ მისი გადაყენება იმ უზარმაზარი ზიანის გამო, რაც უბრალოდ ჩვენს ეკონომიკას კი არა, ათიათასობით მოქალაქეს ადგება ამ საბანკო რეგულაციების გამო,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კობა გვენეტაძეს იცავს და მის მუშაობას კრიტიკულად არ აფასებს.

„თქვენ გადაფარებული ხართ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მზად ხართ, თქვენ მიიღოთ ის დარტყმა, რომლის ავტორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია,“ – მიმართა ჭიაბერაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საბანკო რეგულაციები მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა.

“ამ სიღარიბეში, ერთი ახალი ნაყიდი გაზქურაც კი ძალიან ბევრი ოჯახისთვის არის განცდა იმისა, რომ ამ ოჯახს პერსპექტივა აქვს, ერთი ახალი მაცივარი ოჯახში არის განცდა იმისა, რომ კეთილდღეობა შეიძლება შემოვიდეს მათ ოჯახებში და ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს ვეუბნებით ამ ქვეყანაში, რომ შენ, წელიწადში ერთხელაც კი რომ ეს განცდა, რომ შენ ადამიანი ხარ და რაღაც შეგიძლია, ამის უფლებაც კი არ გაქვს,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.