ლარი ყოველდღე უფასურდება, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.90 ლარია, ჯიხურებსა და ბანკებში კი 3 ლარს გადასცდა. ხელისუფლება ლარის გაუფასურებას ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს აბრალებს და პასუხისმგებლობას მათ აკისრებს.

ბრალდებას სიცრუეს უწოდებს ოპოზიცია. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან, მათ შორის დააკორექტირონ ბიუჯეტი და ჩინოვნიკებმა უარი თქვან ფუფუნებაზე.

„ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. მიებნენ რუსეთის ბაზარს, რომელიც რა თქმა უნდა, არის მყიფე და ყველა ასეთ დროს ხდება ეკონომიკის ჩამოშლა, ამიტომ დროზე უნდა შეიცვალოს ხელისუფლება,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ლარის გაუფასურება ფასების ზრდას გამოიწვევს. დეპუტატი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ქართული ოცნების” მავნებლურმა, რუსეთზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის ასეთი დასუსტება, რაც საბოლოო ჯამში, უნდა ველოდოთ, რომ გადაიზრდება ფასების მკვეთრ ზრდაში,“-ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკონომიკური განვითარების გარდა, ქვეყანას გამოსავალი არ აქვს.

„ასეთი შოკები იქნება, სამწუხაროა, რომ ეს მოხდა, ყველაფერმა ერთად იქონია ზეგავლენა და სანამ ის სავაჭრო ბალანსი, სანამ ჩვენი ექსპორტიორები სხვა სიღრმეებში არ შევლენ, სანამ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არ იქნება უფრო მეტად დივერსიფიცირებადი, ჩვენი ეკონომიკა მოწყვლადი ყოველთვის იქნება,“-ამბობს რომან კაკულია.