#ვახტანგ რობაქიძის მიმართ, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობზე გამოძიება დაიწყო »

14

როგორც უწყებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“ – გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ვახტანგ რობაქიძის ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორს 18 იანვარს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებიდან მეხუთე დღეს მიმართა: „როგორც კი ჩავერთე, იმავე დღეს მივმართე. მანამდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს იმის უფლებაც არ მისცეს, რომ ადვოკატი აეყვანა. მისი ყველა უფლება დაარღვიეს“.

მისი თქმით, ძალადობა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დღესვე მოხდა და ამ დროს დეპუტატი, ანრი ოხანაშვილიც იქ იმყოფებოდა.

„14–ში დაკავების შემდეგ, როცა გადაიყვენეს განყოფილებაში, მაშინ განხორციელდა ძალადობა. დოკუმენტებით დასტურდება რომ ამ დროს ოხანაშვილიც იქ იმყოფებოდა. ოხანაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს დახლოებით 22:00 საათზე და გამოკითხვა დასრულდა 01:05 -ზე. რობაქიძე კი განყოფილებაში მიყვანილია 20:00-ზე და კაპეზეში გადაყვანილია 3:00-ზე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსულების გადამეტება“.

დაკავებულის ადვოკატმა გუშინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ, რობაქიძეს დაკავების შემდეგ პოლიციაში სცემეს:„მუცლის არეში აქვს დაზიანებები და მათ შორის ტკივილი, ხუთი დღის უჭმელია ბატონო მოსამართლე, საერთოდ ვერ ჭამდა ტკივილისგან. მიუხედავად მოთხოვნისა, არ გამოიძახეს სასწრაფო და არ გადაიყვანეს გამოსაკვლევად, არ ჩაუტარდა შემოწმება“.

15 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს, რობაქიძეს პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე არ უსაუბრია.

ვახტანგ რობაქიძესა და „ოცნების“ დეპუტატს ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს, ბაკურიანში მოხდა. დეპუტატმა განაცხადა, რომ მას რობაქიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა იმავე დღეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის ვადის გასვლისთანავე შსს–მ რობაქძე სსკ-ს 151 და 239 მუხლებით დააკავა, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს. გუშინ 19 იანვარს გამართულ პროცესზე რობაქიძეს მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გირაოს სახით, 7 000 ლარის გადახდა დააკისრა. დაკავებულმა ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი იმავე დღეს დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს ჩაინიშნა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.