#რუსეთის საგარეო უწყება: მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ჟენევის დისკუსიებს

11
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზაციით უცვლელ დაინტერესებას ინარჩუნებენ

თბილისი, 17 იანვარი — Sololaki. მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ჟენევის დისკუსიებს, დღეისათვის მათი ალტერნატივა არ არსებობს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 2019 წელს რუსული დიპლომატიის საქმიანობის შედეგების მიხედვით გამოქვეყნებულ მასალებში.

„რუსეთი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების აქტიური მონაწილე რჩება. გასულ წელს შედგა ოთხი რაუნდი ამ უნიკალური ფორმატისა, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ დიალოგს ერთის მხრივ საქართველოსთან, მეორეს მხრივ – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალებში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რუსეთი საქართველოს რიგით მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორად და მისი პროდუქციის მთავარ იმპორტიორად რჩება.

„სამწუხაროდ, 2012 წლიდან მიმდინარე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ნეგატიურად აისახა ქართველი რადიკალების მიერ ივნისში განხორციელებული პროვოკაცია, რომლის საპასუხოდ ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. იმედი გვაქვს, რომ თბილისში წარსულის გამოცდილებას გაითვალისწინებენ“, – მიიჩნევენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი ქართველი კოლეგის შეხვედრა ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა. მხარეებს ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატიკის ირგვლივ გულახდილი საუბარი ჰქონდათ. თუმცა, შემდგარ საუბართან დაკავშირებულმა კომენტარებმა თბილისიდან გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია.

„ჩვენი მხრიდან ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზაციით უცვლელი დაინტერესება ნარჩუნდება“, – ხაზგასმულია მასალებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციის რეალურ საფრთხედ და რეგიონული უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად უწყება მიიჩნევს ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიის დაჩქარებულ სამხედრო-პოლიტიკურ „ათვისებას“.

მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე >>

„ვაკვირდებით დაჩქარებული პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ზრდას, რომელსაც ალიანსი და ვაშინგტონი საქართველოს მიმართ ახორციელებს. იმედს ვიტოვებთ, რომ აშშ და ნატო სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს გაფრთხილებებს და შეწყვეტენ რუსეთთან დაპირისპირებისკენ თბილისის წაქეზებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

                                          



0


Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.