#ჩაიკოვსკის სახლის უკანასკნელი დღეები

36

მთაწმინდის რაიონში, ჩაიკოვსკისა და ჭონქაძის ქუჩების კვეთაზე, უკანასკნელ დღეებს ითვლის ორსართულიანი ისტორიული შენობა, რომელშიც პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი ჩერდებოდა თბილისში სტუმრობისას, XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს. მრავალი ათეული წლის განმავლობაში, სახლისა და კომპოზიტორის ამ ურთიერთკავშირზე მიუთითებდა ჯერ უბრალო მემორიალური დაფა, შემდეგ კი გრანიტის მასიური ბარელიეფი, რომელიც ერთი წლის წინ გაქრა სადარბაზოს ჩამონგრეულ კედელთან ერთად.

ჩაიკოვსკის ქუჩა N12 – შენობის თანამედროვე მისამართია. XIX საუკუნეში, როცა ამ სახლში დიდი კომპოზიტორი თავის ძმას, სასამართლო პალატის პროკურორ ანატოლი ჩაიკოვსკის სტუმრობდა, ქუჩა გუდოვიჩის სახელს ატარებდა, 1858 წელს აშენებული სახლის მესაკუთრე კი ვინმე ტებენკოვი (Тебеньков) ყოფილა.
"ჩაიკოვსკის სახლი". 1940 წელი

“ჩაიკოვსკის სახლი”. 1940 წელი
ჯამში ჩაიკოვსკის ტებენკოვის სახლში ასზე მეტი დღე აქვს გატარებული, აქვე შეიქმნა სიმფონიური ბალადა „ვოევოდა“. 1940 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს შენობის ფლიგელი, რომელიც დღეისათვის სრულად არის მოშლილი. ერთი წლის წინ დაინგრა პარმაღი და მის თავზე მდებარე აივანიც. მალევე გაქრა მემორიალური დაფა, რომელიც სადარბაზოს კედელზე იყო დამაგრებული. რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში უთხრეს, რომ დაფას სახლის მცხოვრებლები ინახავენ, თუმცა, როგორც სახლის მცხოვრებლები ამბობენ, დაფა წაუღია ბარელიეფის ავტორის, პაატა იაშვილის დას, ლალი იაშვილს, „რათა არ დაკარგულიყო“.

ნაირა ნაკაშიძე, რომელიც ათი წელია „ჩაიკოვსკის სახლის“ პირველ სართულზე ცხოვრობს, გვიჩვენებს სადარბაზოს კედლებისა და ჭერისთვის შეყენებულ ბიჯგებს, ფანჯრებში ჩადგმულ რკინის კონსტრუქციებს და გვეუბნება, რომ მთაწმინდის გამგეობის ეს ძალისხმევა შენობის ნგრევას ვერ აჩერებს.

„ქარშიც კი ქვები ცვივა სადარბაზოში, კედლებიდან მოდის სილა და ნაგავი. დაიწყეს გამაგრება, ჩამოხსნეს ფანჯრები, ჩააყენეს რკინის ჩარჩოები, შეუდგეს ბიჯგები და ასე დატოვეს, როგორც ხედავთ. ეს იყო ერთი წლის წინ. იმის მერე ველოდებით. გვითხრეს, ფანჯრებს ჩავსვამთ, კარებს ჩავსვამთ, მაგრამ არავინ არ გამოჩენილა“, – ამბობს ნაირა ნაკაშიძე.

სადარბაზოს პარმაღის ჩამონგრევას ემსხვერპლა ძველი, ავთენტური კარი, რომელიც ნაირა ნაკაშიძის თქმით, დამტვრეული ეყარა, ვიდრე მეზობელმა არ დაწვა:

„უკაროდ დარჩენილი სადარბაზო ძაღლების ბუნაგად არის ქცეული. დილაობით შპრიცებით მოფენილი გვხვდება აქაურობა. კარის დაწვის გამო საყვედური გვითხრეს, ეს რა გიქნიათ, ისტორიული ძეგლიაო, მაგრამ ნამტვრევებიღა იყო დარჩენილი… რაც ვარგოდა, დარაბები, აქვე გვაქვს დაწყობილი… ასე ცხოვრება შეუძლებელია! ნეტა, განახათ რამდენჯერ ვასუფთავებთ დღეში. ტომრებით გაგვაქვს ნელა-ნელა, მაგრამ არ მთავრდება ეს ნაგავი“.

„ჩაიკოვსკის სახლში“ 1987 წლიდან ცხოვრობს კაკო რეხვიაშვილი. სწორედ მას ეკუთვნოდა აივანი, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოინგრა.

„შეხედეთ, აივანზე გამავალი კარი ჰაერშია დარჩენილი. მინდოდა შეკეთება, ახლის აშენება, მაგრამ გარედან მუშაობის უფლება ჩვენ არ გვაქვს, რადგან სახლი შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. არადა, შენობის ყველა კედელი დამსკდარია, ინგრევა შენობა“, – ამბობს კაკო რეხვიაშვილი.

თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა ქალაქის თვითმმართველობის პრეროგატივაა. ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ თბილისში ასეთი 2 ათასი შენობაა და ყველა მათგანს, მათ შორის ჩაიკოვსკის სახლსაც, ერთადერთი მომავალი შეიძლება ჰქონდეს: გამაგრება!

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ ჩაიკოვსკის 12-ში მდებარე შენობის დანგრევა იქნება დანაშაულის ტოლფარდი ქმედება.

„ეს შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. იქ სახიფათოა ცხოვრება, თუმცა ეს არ შეიძლება იყოს საბაბი იმისათვის, რომ შენობა დაინგრეს. არ არსებობს შენობა, რომლის გამაგრებაც არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული. ამ დონემდე არ უნდა მიეყვანა სახელმწიფოს. წლების განმავლობაში ერთ-ერთი უმძიმესი შენობაა, დროზე რომ მოეკიდათ ხელი, ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა“, – ამბობს ცირა ელისაშვილი, რომლის თქმითაც, გარდა მემორიალური დატვირთვისა, ამ შენობას ასევე აქვს არქიტექტურული მნიშვნელობაც.

„ეს არის კუთხის შენობა, რომელსაც მთლიანად უჭირავს ორი ქუჩის განაშენიანების მასშტაბი. ეს არის ჭონქაძის და ჩაიკოვსკის ქუჩები. სახიფათოა ამ ტერიტორიის აღქმა როგორც სამშენებლო მოედნის, რადგანაც იქ აუცილებლად გაჩნდება კორპუსის ტიპის შენობა, რაც მასშტაბით სრულად დაანგრევს ურბანულ ქსოვილს, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ უხეში ჩარევები უკვე მოხდა ჭონქაძის ქუჩის 7 ნომერში – თოიძის სასწავლებლის ადგილას სასტუმრო შენდება, და ეს ტენდენცია იქნება შეუქცევადი.ეს არის ხიფათის შემცველი რისკი. ეს უნდა გათვალოს ქალაქმა და აქ არ შეიძლება საუბარი მოგებაზე. აქ მხოლოდ შენობის რესტავრაციაზე შეიძლება იყოს საუბარი მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს ტვირთი ქალაქმა თავისი მხრებით უნდა ასწიოს, სხვა შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ისეთ შენობებს, რომელთა ანალოგი ამ ქალაქში არ არის“, – უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თბილისის მერიაში კი ლაკონურად მოგვიჭრეს: იგეგმება შენობის კონსერვაცია!

ჩაიკოვსკის ქუჩაზე ასევე მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია N9 და N10 შენობები, საიდანაც, მერიის განმარტებით, გაყვანილია 5 ოჯახი, 12 ნომრის მცხოვრებლებს კი გასვლაზე უარი აქვთ ნათქვამი.

ჩაიკოვსკის სახლის ბინადრები არ უარყოფენ, რომ უარი თქვეს შენობის დატოვებაზე.

„მოვიდნენ გამგეობიდან და ქირით გასვლა გვთხოვეს, სამასი ლარს გადაგიხდით თვეშიო, მაგრამ სამასი ლარით სად წავიდეთ? 500 ლარადაც ვერ ვიქირავებთ ვერაფერს. სასტუმროს მშენებლობაზეც იყო საუბარი. 5 დეკემბერის ქუჩაზე უნდა გადავეყვანეთ, ოღონდ სანაცვლოდ არაფერს არ გვიმატებენ. რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდით“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნაირა ნაკაშიძემ.

ჩაიკოვსკის 12-ის მცხოვრებლებსაც ისღა დარჩენიათ, რომ შიგნიდან შეეწინააღმდეგონ შენობის ნგრევას. ბეტონის ხსნარებით ავსებენ და ლესავენ ბზარებს, დაძრულ კედლებსა და ჭერს კი რკინის კონსტრუქციებით აკავებენ.

დამშვიდობების წინ ნაირა ნაკაშიძემ გვიჩვენა ავთენტური, მოქმედი ბუხარი, რომელიც კარგად არის შენარჩუნებული და, რომელთანაც, შესაძლოა, დიდი კომპოზიტორი მჯდარა. ვინ იცის, იქნებ, სწორედ ამ ოთახში, ამ ბუხრის წინ დაიწერა კიდეც სიმფონიური ბალადა „ვოევოდა“, რომელსაც უცნაური ბედი ერგო. ცნობილია, რომ პირველი შესრულების შემდეგ, თავისი ქმნილებით უკმაყოფილო ჩაიკოვსკიმ მოსპო პარტიტურა, მაგრამ კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, შენახული საორკესტრო პარტიების მიხედვით, შესაძლებელი გახდა მისი აღდგენა.

საეჭვოა, ასეთივე ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდეს „ჩაიკოვსკის სახლსაც“: თუ განადგურდება, პარტიტურისგან განსხვავებით, მას აღარავინ აღადგენს.
0

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.