#გაღორებულ საზოგადოებად ვიქეცით – ინტერვიუ რეჟისორ გიგა ლიკლიკაძესთან პრემიერის წინ

5

კასპში მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გზაში ფუჭდება. ტრანსპორტიდან ჩამოსული ბაჩანა სოფლის ორღობეში მაყვლის ჭამაში ერთობა, როდესაც უეცრად მახოსა და რამოს ჭიშკარს მიადგება. ბაჩანას უსიამოვნო თავგადასავალი, ანუ ფილმი, სახელად „ღორი“, ასე იწყება.

დღეს გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ფილმის, „ღორის“, პრემიერაა. რეჟისორის თქმით, კინოსურათი ქართველებზე, ჩვენს ყოფასა და უარყოფით მხარეებზე მოგვითხრობს. პრემიერის წინ ინტერვიუ რეჟისორთან თათია დვალმა ჩაიწერა.

გიგა, დღეს პრემიერაა. რა გაგახარებდათ ქართველი მაყურებლის რეაქციებიდან ყველაზე მეტად?

ყველაზე მეტად, ალბათ, ის გამიხარდება, თუ დღეს ბევრი ხალხი მივა კინოში. ზოგი შეიძლება ამ ფილმზე გაბრაზდეს, ზოგი დასევდიანდეს, ზოგმაც იცინოს, მაგრამ მინდა ამ პროცესში ბევრი ადამიანი იყოს ჩართული.

ფილმში სულ სამი პერსონაჟია – ბაჩანა, მახო და რამო. თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია ის სახლი, სადაც არის გადაღებული. ჩაფიქრებული იყო ეს სახლი, როგორც პერსონაჟი, და რა წარმოგედგინათ გადაღებამდე – როგორი უნდა ყოფილიყო ეს სახლი, ან რა უნდა გამოეხატა?

ეს სახლი, მთელი თავისი უცნაურობებით, ნამდვილად არის ფილმის პერსონაჟი – თავისი კიბით, რომელიც ფანჯარაზე გადის, უცნაური სახურავით, ხრიოკი ეზოთი. სოფლიდან სოფელში დავდიოდით შერჩევის პროცესში. თავადვე მივაგენი ქვემო ხანდაკში, კასპის რაიონში. სრულიად ცარიელი და გაურემონტებელი იყო და რომ დავინახე, ვიფიქრე, აი, ეს არის-მეთქი! ჩვენმა მხატვარმა შექმნა სახლის დეკორაცია, რომელიც იმავე ქაოსს იმეორებს, რაც ფილმის პერსონაჟების ტვინებში ხდება. წარმოვიდგინეთ, თავად ეს პერსონაჟები როგორ მოაწყობდნენ სახლს, როგორ დაყრიდნენ ნივთებს. ფაქტობრივად, სახლი მახოსა და რამოს ხასიათს გვიჩვენებს.

ფოტო “ღორის” გადამღები ჯგუფის არქივიდან

ფილმში სამიდან ორი არაპროფესიონალი მსახიობია. სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

სოფლებში დავდიოდით და ასე ვარჩევდით მსახიობებს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ, მაგალითად, რამოს პერსონაჟი სხვა ადამიანს ეთამაშა.

სირთულეებიც იყო: მთავარ პერსონაჟს უჭირდა იმ შეურაცხყოფის ატანა, რომელიც სცენარშია. პირადად იღებდა და ზოგჯერ ცდილობდა კიდეც, რომ გადაღების პროცესი ცოტა ხნით მაინც გადაედო – ცუდად ვარო, გვეუბნებოდა. იმასაც გვთხოვდა, იქნებ სცენარი შევცვალოთ და გამტაცებლები ჩემს პერსონაჟს ცუდად არ მოეპყრანო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმ რისკმა, რაზეც წავედით, როდესაც არაპროფესიონალები შევარჩიეთ, გაამართლა.

ფილმი ერთი თვის წინ კინოს ფესტივალზე ვნახე. ყურებისას ვერ შევძელი ამეხსნა ამ ორი კრიმინალი კაცის, მახოსა და რამოს, ურთიერთობა. რატომ ცხოვრობენ ერთად? შეუმდგარი წყვილია? ვინ არიან?

ჩემს წარმოდგენაში, ბიძაშვილები არიან. ისეთი ბიძაშვილები, ერთად რომ გაიზარდნენ. ეს სახლიც რომელიმეს მამისაა, რომელიც მერე მოსკოვში წავიდა სამუშაოდ და დღემდე იქ არის. თუმცა მათ თავში ისეთი ქაოსია, არც გამოვრიცხავ „შეუმდგარი გეები“ იყვნენ, თვითონაც რომ არ იციან და საკუთარ თავში თავადვე რომ ვერ გარკვეულან – ამის ფიქრის საშუალებას ტოვებს ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ ღიად არ ჩანს არაფერი.

ფოტო "ღორის" გადამღები ჯგუფის არქივიდან

ფოტო “ღორის” გადამღები ჯგუფის არქივიდან

მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი ბრუტალური ძალადობის ნახვის შიშშია. რატომ იყო მნიშვნელოვანი პუბლიკაზე ამ ემოციის მოხდენა? რას სძენს ეს ფილმს?

მაყურებელს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს გამძაფრებული იმ დროის შეგრძნება, რომელიც ფილმშია. ფილმის პერსონაჟები არც არიან ნამდვილი მოძალადეები – სხვისი წამებით ვერ იღებენ სიამოვნებას, მათ მხოლოდ სხვაზე პრიორიტეტულ მდგომარეობაში ყოფნა სიამოვნებთ, ამით ერთობიან. ორნი არიან, სრულიად მარტო და მოწყენილები, ბაჩანა კი მათთვის გასართობია. ასეთი ადამიანებისგან კი როდესაც ძალადობას ელი, კიდევ უფრო დაძაბული ხარ.

ფილმში ერთადერთი ეპიზოდი, სადაც სამი მთავარი პერსონაჟის „იდილია“ ირღვევა, მეძავთან გატარებული საღამოა. ეს ეპიზოდი მედიაში გააკრიტიკეს – სუსტი ფრაგმენტია, ქალს ხელოვნურად გროტესკულად წარმოაჩენსო.

როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ქელეხის შემდეგ მახოს სახლში გაჰყვება მჟავე კიტრის საჭმელად და ღვინის დასალევად? მე სხვანაირი გოგო ვერ წარმომიდგენია, ვინც ამას გააკეთებდა. ეს კრიტიკა ზედაპირული მგონია. მეძავი ქალი ამ საღამოს, პირიქით, ამშვენებს კიდეც. ჩემთვის ეს ეპიზოდიც და ისიც, რაც ამ ეპიზოდამდე ხდება, ფილმში ერთნაირი „ქაქია“ და ამ „ქაქიდან“ ქალი ამოყოფს თავს თუ კაცი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.

გაიგებენ ფილმს ისინი, ვინც საქართველოს კარგად არ იცნობს? და ქართველები რას აღმოაჩენენ?

ნებისმიერი კარგი მაყურებელი შეძლებს ამ ფილმის გაგებას. სამი ადამიანი ყველგან სამი ადამიანია. მაგალითად, გერმანიაში ჩვენებისას მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო კითხვები დამისვა.

ეს ფილმი ადამიანის მანკიერებებს უსვამს ხაზს.

დაბოლოს, რატომ „ღორი“? რა წინასწარ განწყობას უქმნის ეს სათაური მაყურებელს, რომელსაც ფილმი ჯერ არ უნახავს?

ჩვენს ქვეყანაში ყველა მიტაცებაზე, წართმევასა და მოგროვებაზეა ორიენტირებული. მოკლედ რომ ვთქვათ, გაღორებულ საზოგადოებად ვართ ქცეული. ღორობა ძალიან გასაგები რამ უნდა იყოს ჩვენთვის. რამდენჯერ გვიფიქრია სხვაზე, ფუ, რა ღორი არისო! – აი, ყველა ეს ფიქრი გაახსენდება მაყურებელს სათაურის გაგონებისას.

0

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.