#საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა საბერძნეთთან წააგო

3
საქართველოს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანს განვითარებული და მიმდინარე მოვლენები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა დაიხურა მომხსენებლად მიწვეული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რეკომენდაციით.

„შემოთავაზება და რეკომენდაცია, რასაც სრულიად ვიზიარებ, არის, რომ სხდომა დაიხუროს, რადგანაც ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოგვიდგინონ, არის სენსიტიური“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მან სხდომის დახურვამდე შეაფასა არა მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, არამედ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება: „უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა, ადგილზე არსებული დაძაბულობა, კრიმინიგენული ვითარება, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

ირაკლი ბერაიას თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს, მთავარია მოქალაქეების უსაფრთხოება და საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რომ ეს საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რუსული უკანონო ვოიაჟები სოხუმში, რომელიც მხოლოდ რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება“, – განაცხადა ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით შემაშფოთებელი უწოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ე.წ. გადასასავლელის დაკეტვის გამო შექმნილ ვითარებას, რაც ბერაიას თქმით, „სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა”. მან საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, გამოიყენონ ყველა მექანიზმი რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები და შეზღუდვები უმოკლეს ვადაში მოხსნას.

დახურული საპარლამენტო მოსმენის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „გაკეთდა სრული პროცესების ანალიზი“ და ამომწურავი პასუხები გასცეს დეპუტატების საკმაოდ ბევრ შეკითხვას.

ხოჯევანიშვილს ჰკითხეს აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებაზე, რომ ის სოხუმის და თბილისის დიალოგს ემხრობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ინიციატივას საინტერესო უწოდა: „ჩვენ გაგვაჩნია ჟენევის ფორმატი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, მისი ინიციატივები თუკი დასმული იქნება მსგავს ფორმატში, ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში გადავა“.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს – „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

0

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.