#თბილისში, რობოტიკასა და პროგრამირებას, საქართველოში შექმნილი ბლოკ სქემებით ასწავლიან

7

Alta

ბევრჯერ გვითქვამს, რომ ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყანა ვართ, თუმცა, ჯერ ვერ ვაწარმოებთ მათ. ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტი ჯერ კიდევ მისი მოსახლეობაა და რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე მოსაზრება და გზა ამ რეალობის შესაცვლელად. 

საქართველოს მასშტაბით, არიან კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებლად ვიქცეთ და შესაძლოა გვეგონოს, რომ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა. თუმცა, არიან კომპანიებიც, რომლებიც „იმედს გვაძლევენ“ და კომპლექსური მიდგომით გამოირჩევიან. ერთ-ერთი ასეთია „ედისონი“, რომელიც მიზნის მიღწევას არამხოლოდ კომერციული პროექტებით, არამედ განათლებითაც ცდილობს. 

რობოტიკის, ელექტრონიკისა თუ პროგრამირების გარეშე მომავლის ადამიანის ცხოვრება ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ზოგი ადამიანისთვის ტექნოლოგიური მომავალი, რომლის კონტურებს სულ უფრო მივყავართ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კინოსთან. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ადგილსაც ნახავთ, სადაც ბავშვებს მომავლის პროფესიებისთვის ამზადებენ – ასწავლიან რობოტიკას, ელექტრონიკასა თუ პროგრამირებას. ასეთია UG-Edison-ის ტექნოლოგიური სკოლაც, რომელიც „ედისონმა“ საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად დააფუძნა, თუმცა მას სხვა, მსგავსი მიზნის მქონე დაწესებულებისგან ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებს – თუ სხვაგან, ამ მიმართულებით განათლებისთვის, მაგალითად, LEGO-ს, Snap Circuit-ის ან mBot-ის სათამაშოებს იყენებენ, UG-Edison-ის ტექნოლოგიური სკოლა საქართველოში, „ედისონის“ მიერ შექმნილი პლატფორმის დახმარებით ასწავლის, რომელიც ბლოკ სქემების პრინციპზეა აგებული.

Block Scheme-ების დიზაინზე, რომელიც ამა თუ იმ მოწყობილობის ფუნქციის შესაბამისად, საქართველოში, Edison-ის მიერ იქმნება, ადრეც მოგიყევით. ახლა კი UG-Edison-ის ტექნოლოგიურ სკოლაზე, Edison-ის თანადამფუძნებელ, გივი ბერიძესთან ერთად მოგითხრობთ:

M: როგორ, ან რა მიზნით შექმენით ედისონის ტექნოლოგიური სკოლა?
დამეთანხმებით, რომ უმთავრესი პროდუქტი ქვეყანაში არის ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა შექმნას რაიმე ინოვაციური პროდუქტი, თუნდაც ტექნოლოგია. ჩვენი კომპანია, “Edison Tech Solutions”, Hardware მიმართულებით მოღვაწეობს. ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდით კადრების პოვნაში, როდესაც გუნდის გაზრდა დაგვჭირდა, რადგან საქართველოში ამ მიმართულებით შესაბამის ცოდნას არც უნივერსიტეტები გასცემენ და არც პროფესიული სასწავლებლები. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, დააფუძნა UG Edison ტექნოლოგიური სკოლა, რომლის საფუძველშივე ჩავდეთ იდეა, რომ ჩვენთან მოსული ბავშვი მიიღებს სრულ ტექნოლოგიურ განათლებას, რაც კონკურენტუნარიანს გახდის არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა, არსებობს ერთი მაგრამ: ბავშვი გრძელვადიანი ინვესტიციაა, საჭიროა დიდების გადამზადებაც, სწორედ ამიტომ დიდებისთვისაც შევქმენით ისეთი კურსები, რომლებიც სწრაფად მისცემდა მათ საშუალებას დასაქმებულიყვნენ და თავიანთი ტექნოლოგიური იდეები რეალობად ექციათ.

M: რა მიმართულებები/კურსები გაქვთ ამ ეტაპზე და ვინ ასწავლის მათ?
ამ ეტაპზე გვაქვს 3 კურსი:
„შეისწავლე რობოტიკა ინოვაციურად 2-6 კლასელებისათვის”;
„შექმენი შენი პირველი რობოტი Arduino-ს გამოყენებით, 7-12 კლასელებისათვის”;
„Arduino-ს დაპროგრამება ნებისმიერი ასაკისათვის“. 

კურსებს უძღვებიან ჩვენი წამყვანი სპეციალისტები ამ დარგში, ინჟინრები, რომლებსაც უამრავ ისეთ ტექნოლოგიაზე უმუშავიათ, რომლებიც, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე გასულა.

M: რობოტიკის ინოვაციურ შესწავლაში რას გულისხმობთ? 
4 დონიანი კურსი „შეისწავლე რობოტიკა ინოვაციურად“ არის აბსოლიტური სიახლე საქართველოში და მალე, მას საქართველოს გარეთაც გავიტანთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ პლატფორმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ფუნდამენტურად განსხვავებულია ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, ყოველ გაკვეთილზე, ბავშვი ქმნის სხვადასხვა ტიპის პროექტს 0-დან. მაგალითად: ჭკვიანი სახლი, ჭკვიანი მანქანა, ავტომატიზაციის სისტემები (მაგალითად, მორწყვის სისტემა, სათბურის ავტომატიზაცია) და ა.შ.

M: რა როლი აქვს ამ პროცესში თქვენ მიერ შექმნილ ბლოკ სქემებს?
ბლოკ სქემური პრინციპი ამ პროცესს ასწრაფებს, რადგან რამდენიმე მოდულის ერთმანეთზე მარტივი გადაერთებით მუშა პროექტის აწყობაა შესაძლებელი. ეს კი, საბოლოო ჯამში, იმას გვაძლევს, რომ 2-დან 6-კლასამდე ბავშვები, ასეთ ადრეულ ასაკშივე ეუფლებიან ისეთ აზროვნებას, რომელიც საჭიროა თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესაქმნელად.

M: თქვით, რომ ბავშვების განათლება სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივაა, თუმცა, მყისიერ შედეგს არ გვაძლევს. ხოლო კურსი „Arduino-ს დაპროგრამება ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის“ ამ პრობლემას ჭრის. რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით, ან რამდენად მოთხოვნადია ეს კურსი ზრდასრულებში?
ამ კურსის ფარგლებში ისწავლება Arduino-ს პლატფორმაზე მიკროკონტროლერების პროგრამირება. კურსის გავლის შედეგად კი, ეს ადამიანები ისეთ ცოდნას იღებენ, რომელიც უპირობო უპირატესობას აძლევს სხვა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან შედარებით. კურსზე გვყოლია 55-70 წლის ადამიანებიც, რომელმაც გაიღრმავეს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით, რადგან სამყარო სწრაფად განვითარდა და სხვა მოთხოვნილებები გაჩნდა სპეციალისტების მიმართ. ასევე, ჩვენი სტუდენტები ძალიან ხშრად არიან ცნობილი ბიზნესმენებიც და მენეჯერებიც, რომლებსაც თავიანთ ბიზნესში სურთ ტექნოლოგიების დანერგვა. ისინი ამ კურს იმ მიზნით გადიან, რომ ტექნოლოგიური ცოდნა მიიღონ, რათა შემდგომ, ტექნიკური გუნდის მართვა შეძლონ, ან სულაც, ტექნოლოგიური აზროვნების პარადიგმა ჩამოიყალიბონ.

ასევე, გვაქვს მსგავსი პროგრამა, ოღონდ 7-12 კლასელთათვის: „შექმენი შენი პირველი რობოტი Arduino-ს გამოყენებით“, სადაც უკვე Advanced დონეზე ვასწავლით ბავშვებს რობოტიკასა და პროგრამირებას. ეს კურსი მათ საშუალებას აძლევს ტექნოლოგიური პროდუქტების პროტოტიპებზე იმუშაონ, სხვადასხვა ოლიმპიადებში მიიღონ მონაწილეობ, ან სულაც, ისეთი ტექნოლოგია შექმნან, რომლითაც შემდეგ ინვესტიციას/გრანტს აიღებენ და საბოლოო ვერსიაზე მუშაობას დაიწყებენ.

M: როგორია ედისონის სამომავლო ხედვა? რისი მიღწევა გსურთ? 
ჩვენი სურვილი არის, რომ UG Edison-ის ტექნოლოგიურ სკოლაში გვქონდეს ყველა ისეთი კურსი Hardware და Software მიმართულებით, რომლებიც საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო იქცეს ტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყანად. მერწმუნეთ, ის დრო და რესურსი, რომელსაც ჩვენ ახლა ბავშვებში ვდებთ 5-10 წლის შემდეგ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და აუცილებლად გვეყოლება ისეთი თაობა, რომელიც შეძლებს შექმნას მსოფლიოს მოწინავე ინოვაციები, ისეთებიც კი, როგორიც ერთ დროს iPhone, Macbook და სხვა ტექნოლოგიები იყო.

ავტორი: ხატია თორდუა



0

·

Related Articles & Comments

კომენტარები დახურულია.